ბეთანია
საკვირველი, სასწაულებრივი ადგილია ბეთანია! იგი თითქოს დროითა და სივრცითაც მოშორებია წარმავალ ცხოვრებას. აქ ჯერაც არ არის ელექტროობა, რადიო, ტელევიზორი, წყალგაყვანილობაც კი. ყველაფერი ისეა, როგორც ათასი წლის წინათ, როდესაც აქ პირველად ფუძნდებოდა მონასტერი.
ბეთანიის მონასტრის ისტორია საიდუმლოებით არის მოცული. უცნობია იმ მამათა სახელებიც, რომლებიც მრავალი საუკუნის განმავლობაში მოსაგრეობდნენ აქ.დიდი ხნის მანძილზე იგი სრულიად მიტოვებული იყო.
XIX საუკუნის მიწურულს ბეთანიაში კვლავ მოვიდნენ ბერები და დანგრეულის აღდგენა დაიწყეს. არ ჰყოფნიდათ სახსარი და გზაზე დიდი ყულაბა დადგეს ასეთი წარწერით: „შეეწიეთ მონასტერს!“ აი, ასე, ხელახლა ააშენეს ყოველივე, სავანემაც კვლავ დაიწყო აღორძინება. როცა თავისთვის საცხოვრებელს აგებდნენ, კარიბჭის შორიახლოს ბერებმა დიდი სამარხი ნახეს - საერთო საფლავი, სადაც ერთად ეწყო ძვლები და თავის ქალები. მათგან ბევრს წმიდა ცვილისფერი ჰქონდა კვლავაც. ეს კი, როგორც აღიარებულია, ამ ადამიანთა ცხოვრების სიწმიდეს მოწმობს. ჩვენთვის ცნობილი არ არის, ვინ არიან ეს ადამიანები, ალბათ, ცხოვრებისეულ შემთხვევითობას არ შეუკრებია ეს ნაწილები ერთ საფლავში. სწორედ მათ თავზე დგას წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის საყდარი.
ბეთანიის შესახებ თითქმის არაფერს მოგვითხრობენ ისტორიკოსები, დუმს მატიანეც, მაგრამ მის წარსულზე მეტყველებენ ტაძრის ძველი ფრესკები, ქვაში ამოკვეთილი ჩუქურთმები და წარწერები, არქიტექტურის მკაცრი ფორმები, ყოველ ნაბიჯზე აღმოჩენილი ძველ მკვიდრთა ნეშტი.
საიდუმლოებითაა მოცული: პირველად როდის დაარსდა აქ მონასტერი, ვინ ააგო და მოხატა ტაძარი, შემდეგში სუმბატის დროს როგორ გადააკეთეს, რა ვითარებაში დაასრულეს მისი მოხატვა თამარის დროს, რამდენმა თაობამ იღვაწა ამ მშვენიერი ქმნილების სრულყოფისათვის.
მონასტერი ორი ეკლესიისგან შედგება. წმინდა გიორგის სახელობის მცირე ბაზილიკა 1196 წელსაა აშენებული. მთავარი ტაძარი ღვთისმშობლის სახელობისაა და XII-XIII საუკუნეებშია აშენებული.
ბეთანია ტრადიციულად წარმოადგენდა ქართველი ფეოდალების - ორბელიანების - საგვარეულო საძვალეს. ტაძრის ხელახლა აღმოჩენა გრიგოლ ორბელიანს უკავშირდება. ამ უკანასკნელმა ნადირობისას შემთხვევით აღმოაჩინა ბეთანიის მონასტერი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მივიწყებული იყო. XIX საუკუნის ბოლოს ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა.
დმანისის ნაქალაქარი
დმანისის ნაქალაქარი მდებარეობს საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ პატარა დმანისის მახლობლად, მდინარეების მაშავერასა და ფინეზაურის შესართავთან აღმართულ კონცხზე.
დმანისის მუზეუმ-ნაკრძალში წარმოდგენილია: შუა საუკუნეების ნაქალაქარი, გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის არქეოლოგიური ფენები და დმანისის ადრეპალეოლითური ძეგლი.
დმანისის არქეოლოგიური შესწავლა 1936 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. 1999 და 2001 წელს დმანისის რეგიონში გათხრების შედეგად ნაპოვნი იქნა ჰომინიდთა – უძველესი ადამიანების თავის ქალები და ყბის ძვლები, რომელსაც მოგვიანებით ჰომო გეორგიკუს შეარქვეს. დღესდღეობით უკვე ხუთი თავის ქალაა აღმოჩენილი. მსოფლიოს არცერთ ძეგლზე ჰომინიდის ამდენი ნაშთი ერთად არ აღმოჩენილა. მათი თავის ქალები და ქვედა ყბა შემდეგში რეკონსტრუირებული იქნა და ჩვენ მათ ზეზვასა და მზიას სახელით ვიცნობთ. ისინი თბილისის ოკუპაციის მუზეუმშია დაცული. ამერიკული ჟურნალის შიენცე-ის მიერ დასახელებულ 2000 წლის ათ საუკეთესო მეცნიერულ მიღწევათა შორის მსოფლიოში მეცნიერების ყველა დარგში დმანისური აღმოჩენა პირველ სამეულში მოხვდა.
შუა საუკუნეების ნაქალაქარი შიდა ციხეს, ქალაქის საერო და საკულტო ნაგებობებს, საიდუმლო გვირაბს და გარეუბნის ნაგებობებს მოიცავს. საკულტო ნაგებობებიდან აღსანიშნავია VI ს-ის დმანისის სიონი, XIII ს-ის ორნამენტებითა და წარწერებით შემკული უნიკალური კარიბჭით. ამ პერიოდში მაშავერასა და ფინეზაურის შესართავთან აღმართულ კონცხზე გაშენებული დმანისი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქალაქი იყო. იგი სავაჭრო გზაჯვარედინზე მდებარეობდა. აქ შემოდიოდნენ მთავარი საქარავნო გზები აღმოსავლეთიდან, წინა აზიიდან და დასავლეთიდან – ევროპიდან.
No comments:
Post a Comment