თბილისი და მისი ღირასშესანიშნაობები


ნარიყალას ციხე–სიმაგრე
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს. ნარიყალა, თბილისის ციხისკალას გვიანდელი სახელწოდებაა. წყაროებში პირველად მოხსენიებულია 1772 წელს გერმანელი მოგზაურ იოჰან გიულდენშტესტთან. ციხე-სიმაგრე გალავნის ორი სექციისგან შედგება, რომელიც ციცაბო ამაღლებაზე მდებარეობს გოგირდის აბანოებსა და ბოტანიკურ ბაღს შორის. ნარიყალას ქვემო ეზოში ახლად აღდგენილი წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია მდებარეობს.
        ციხესიმაგრე IV საუკუნეში დაფუძნდა როგორც "შურის ციხე". VII საუკუნეში და მოგვიანებით დავით აღმაშნებლის მიერ მნიშვნელოვნად გაფართოვდა. მოგვიანებით შემოსულმა მონღოლებმა მას "ნარინ ქალა" ("მცირე ციხესიმაგრე") დაარქვეს. დღემდე მოღწეული ძირითადი გამაგრებები XVI და XVII საუკუნეებით თარიღდება. 1827 წელს ციხის გალავნის დიდი ნაწილი მიწისძვრამ დააზიანა და დაანგრია.

სამების საკათედრო ტაძარი
ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის 1500 წლისთავისა და ქრისტეს დაბადების 2000 წლის აღსანიშნავად ახალი საკათედრო ტაძრის აგების იდეა 1989 წელს გაჩნდა, პერიოდი, როდესაც საბჭოთა საქართველოში ეროვნული მოძრაობა მძლავრობდა. 1989 წლის მაისში, საქართველოს პატრიარქისა და თბილისის მთავრობის ხელმძღვანელობით გამოცხადდა კონკურსი "წმინდა სამების საკათედრო ტაძრის" პროექტზე. პირველ ეტაპზე ასამდე პროექტი შემოვიდა, თუმცა გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. საბოლოოდ არქიტექტორი არჩილ მინდიაშვილის პროექტი შეირჩა. შემდგომმა სოციალურმა და პოლიტიკურმა კრიზისმა პროექტის განხორციელება ექვსი წლით დააყოვნა და საძირკველი ტაძრისთვის მხოლოდ 1995 წლის 23 ნოემბერს ჩაიყარა. ტაძრის მშენებლობა ძირითადად კერძო შემოწირულობებით დაფინანსდა.
        ტაძარი 2004 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღეს, უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა.
        თბილისის ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობა, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II „ათასწლეულის მშენებლობა“ უწოდა, ხუროთმოძღვრის თქმით, ძირითადად შემოწირულობებით ხორციელდება. ბატონმა არჩილმა ისიც დასძინა, რომ ჩვენი უცხოელი თანამემამულეებიც ფრიად ხელგაშლილნი არიან და ამ საშვილიშვილო მშენებლობას საკმაოდ დიდ თანხებს სწირავენ. ჩვენც ისღა დაგვრჩენია, მადლობა მოვახსენოთ ყველას, ვინც ქრისტიანული საქართველოს ამ უდიდეს და უმნიშვნელოვანეს მშენებლობას ოდესმე რაიმეთი შეეწია.

No comments:

Post a Comment