აჭარა და მისი ღირსშსანიშნაობები


პეტრას ციხე
პეტრა, ისტორიული ციხე-ქალაქი დასავლეთ საქართველოში ეგრისის სამეფოში. შემორჩენილია ციხის ნანგრევები. ხელსაყრელი სამხედრო-სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური მდებარეობის გამო ლაზების ამ უძველეს სამოსახლო ადგილზე VI საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანემ ქალაქი გააშენა. აქვე დაარსდა ლაზიკის ეპარქიის ერთ-ერთი საეპისკოპოსო ცენტრი. ქალაქის ტერიტორიაზე გადიოდა ზღვისპირა ვიწრო გზა, რომელიც დასავლეთ საქართველოს ბიზანტიის პროვინციებთან, ირანთან და სომხეთთან აკავშირებდა.
        პეტრა კონტროლს უწევდა ბიზანტიიდან შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროსაკენ მიმავალ საზღვაო-საკაბოტაჟო ნაოსნობას. ბიზანტია და ირანი დაინტერესებული იყვნენ, რომ პეტრა მათ მფლობელობაში ყოფილიყო, რადგან მათი პოლიტიკური და ეკონომიკური ექსპანსია ამ რეგიონში პეტრას კონტროლზე იყო დამოკიდებული. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი VI საუკუნის შუაწლებში ბიზანტია-ირანის ომისა. პეტრამ შემდგომ საუკუნეებშიც შეინარჩუნა თავისი მნიშვნელობა. შუა საუკუნეებში მას ქაჯეთის ციხეს უწოდებდნენ, გარკვეული სავაჭრო მნიშვნელობა ჰქონდა XIX საუკუნეშიც.
        პეტრის აკროპოლისი ზღვისპირა კლდოვან ბორცვზე მდებარეობდა, ხმელეთის მხრიდან მას გალავნის გარდა კლდოვანი რელიეფი იცავდა (აქედანაა მისი ბერძნული სახელწოდებაპეტრა“ — ქვა, კლდე). პეტრა მიუვალ ციხედ ითვლებოდა. მისი ნანგრევები დღემდეა შემორჩენილი. არქეოლოგიურმა გათხრებმა შიდაციხის გალავანთან ერთად გამოავლინა სხვადასხვა ნაგებობა, მათ შორის VI-VII საუკუნეების ბაზილიკის საძირკველი, რომელიც პეტრას საეპისკოპოსოს კათედრალის ნაშთია.

გონიოს ციხე
გონიოს ციხე, აფსაროსი, ისტორიული ციხესიმაგრე აჭარაში, სოფელ გონიოში, შავი ზღვის ნაპირზე, მდინარე ჭოროხის შესართავთან.
        უძველესი ცნობა მის შესახებ ეკუთვნის რომაელ ავტორ პლინიუს სეკუნდუსს. ბერძნულ-რომაულ წყაროებში ცნობილია აფსარუნტის სახელით.
        გონიოს ციხე XII საუკუნის შემდგომდროინდელი სახელწოდებაა. ამ პერიოდში იგი კარგად გამაგრებული და კეთილმოწყობილი ციხე-ქალაქი ყოფილა. საუკუნეების მანილზე ჯერ რომის იმპერია, შემდეგ ბიზანტია და იტალიის ქალაქ-რესპუბლიკები  დიდ ინტერესს იჩენდნენ ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ციხესიმაგრისადმი.
        1547 წელს გონიოს ციხე ოსმალებმა დაიკავეს და მათ მფლობელობაში იყო 1878 წლამდე. როცა სან–სტეფანოს ზავით აჭარასთან ერთად რუსეთის იმპერიას გადაეცა. ციხე გეგმით დიდი ზომის სწორკუთხედია. ყოველ მხარეს თითო ჭიშკარი აქვს, გალავანი 18 კოშკითაა გამაგრებული. კუთხის კოშკები უფრო დიდია. გონიოს ციხე ქვითაა ნაგები. შეინიშნება რამდენიმე სამშენებლო ფენა. პირველი ფენა გამოირჩევა კარგი დამუშავებითა და წყობით, მეორე ფენის კოშკებიანი კედლები შედარებით ნაკლები ხარისხისაა, მესამე ფენა კი იმ პერიოდს განეკუთვნება, როდესაც ციხე ოსმალებს ეჭირათ.
        გონიოს ციხეში 2010 წლიდან მოქმედებს არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმი, სადაც ძველი წელთაღრიცხვიდან XIX საუკუნის 80-იან წლებამდე დათარიღებული ექსპონატები ინახება.

No comments:

Post a Comment