ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი
ბოდბის მონასტერს გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს სულიერ ცხოვრებაში. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, ისაა, რომ აქ განისვენებს ქართველთა განმანათლებელი, მოციქულთა სწორი წმიდა ნინო. დაბა „ბოდბისი“ უფალმა ჯერ კიდევ წმიდა ნინოს სიცოცხლეში განადიდა, როგორც მისი სათნომყოფელის მომავალი განსასვენებელი. და იმ დროიდან მოყოლებული წმიდა ნინოს საფლავი მადლისა და კურნების ცხოველ წყაროდ იქცა ქართველი ერისათვის.
14 წლის იყო წმიდა ნინო, როცა ღვთისმშობლის ბრძანებით მისი წილხვედრი ქვეყნისკენ გამოემართა. აქ მან მრავალი ცრემლით, ლოცვითა და მკაცრი მოღვაწეობით სრულყო თავისი მოციქულებრივი ღვაწლი.
წმინდა ნინოს დროიდან მოკიდებული ბოდბის მონასტერი ქართველ მეფეთა და დიდებულთა უპირველესი ზრუნვის საგანს წარმოადგენდა.
შუა საუკუნეებში ამ ტაძარში იკურთხებოდნენ კახთა მეფეები. სხვათა შორის, ბოდბის ტაძარში თეიმურაზ I-ის აღსაყდრებას თავად შაჰ-აბასიც კი დასწრებია, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, რამდენიმე წლის შემდეგ იავარეყო მონასტერი, რომლის აღდგენასაც შემდგომ დიდი ღვაწლი თავად მეფე თეიმურაზ I-მა დასდო.
ბოდბის მონასტერი ოდითგანვე არამარტო სულიერ, არამედ კულტურულ-საგანმანათლებლო კერასაც წარმოადგენდა. XVII საუკუნიდან აქ მოქმედებდა სასულიერო სასწავლებელი, რომელშიც გარდა საღვთისმეტყველო საგნებისა, საერო მეცნიერებებიც ისწავლებოდა. აქვე იყო საქართველოში ერთ-ერთი უმდიდრესი წიგნთსაცავი. XVIII საუკუნის II ნახევრიდან ბოდბეში საკმაოდ მრავალრიცხოვანი მამათა მონასტერი არსებობდა.
იმავე საუკუნის მიწურულს რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე III ეწვია ამ ადგილს და მისი ბრძანებით 1889 წელს ბოდბეში დედათა მონასტერი გაიხსნა, აქვე მოქმედებდა ქალთა სასწავლებელი.
1924 წელს კომუნისტებმა მონასტერი დახურეს. ბოდბის უკანასკნელი იღუმენია ნინო ვაჩნაძე, მიუხედავად მრავალგზის მუქარისა, მონასტერს არ შორდებოდა, თუმცა საბოლოოდ იძულებული გახდა ბოდბე მიეტოვებინა და თბილისში, ანჩისხატის ტაძართან, დასახლებულიყო, სადაც გარდაიცვალა კიდეც.
კომუნისტთა მიერ დარბეული უძველესი ტრადიციების მქონე ბოდბის მონასტერი კვლავ აღდგა 1991 წელს. ამჟამად მონასტერში ოცდაათამდე მონაზონი და მორჩილი მოღვაწეობს. მართლაც, სავანე, თუმცა ნელ-ნელა, მაგრამ მაინც იბრუნებს პირვანდელ სახეს. ღვთისმოსავი ადამიანების შეწევნით ხდება მონასტრის აღორძინება: შეიმკო და გამშვენდა წმიდა ნინოს საფლავი, წმიდა ნინოს ლოცვით აღმოცენებულ წყაროზე აშენდა განსაბანი და წმიდათა ზებულონისა და სოსანას სახელობის პატარა ტაძარი. მონასტერს აქვს საკუთარი მეურნეობა, მოქმედებს ხატწერისა და ხელსაქმის სახელოსნოები.
წმიდა ნინოს საფლავი დღესაც სულიერ და ხორციელ კურნებას აღმოაცენებს და მისი სავანეც, შეძლებისდაგვარად, ცდილობს ადამიანებს მასთან მიახლების საშუალება მისცეს.
სიღნაღი
სიღნაღი ამჟამად საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, რომლის მომხიბვლელობას განაპირობებს, როგორც მისი დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული ხუროთმოძღვრული სახე, ისევე ბუნებრივი მდებარეობა: ქალაქი განლაგებულია მაღალბორცვიან ადგილას და გადაჰყურებს ალაზნის ველის გაშლილ სივრცესა და კავკასიონის ქედებს.
სიღნაღი ქალაქად ჩამოყალიბდა XVIII საუკუნის მიწურულს ერეკლე მეორის მიერ აგებული ციხის ტერიტორიაზე და მის გარშემო. თუმცა არქეოლოგიური გამოკვლევიბით დგინდება, რომ ეს არეალი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ჯერ კიდევ პალეოლითური, ნეოლითური და ბრინჯაოს ხანებიდან მოყოლებული.
საქართველოს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარების შემდეგ ეს მხარე დიდ მნიშვნელობას იძენს. აქ აღესრულა და დაკრძალულია წმინდა ნინო.
VIII-IX საუკუნეებში, მიუხედავად არაბთა დამანგრეველი შემოსევებისა, ჰერეთი ძლიერდება და სამთავროდ ყალიბდება. XI საუკუნეში მეფე ბაგრატ III-მ კახეთ-ჰერეთი გაერთიანებულ საქართველოს შეუერთა, რაც საბოლოოდ დავით აღმაშენებელმა განსმტკიცა.
მეფე ერეკლეს ბრძანებით 1770 წელს შედგენილ ქალაქთა ნუსხაში სიღნაღიც არის მოხსენიებული. სიღნაღს გარს აკრავს დიდი გალავანი 28 კოშკით, რომელიც ადგილობრივმა მოსახლეობამ ლეკებისაგან დასაცავად ააგო. მისი სიგრძე დაახლოებით 4კილომეტრია. ქალაქი შემორჩენილია თითქმის იმავე სახით, როგორიც ის 200 წლის წინ იყო.
დღეს სიღნაღს ხშირად ქალაქ-მუზეუმსაც უწოდებენ. ქალაქიდან იშლება არაჩვეულებრივი ხედი ალაზნის ველსა და კავკასიონის მთებზე. 2007 წელს ქალაქს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები, გაიხსნა მუზეუმი და სასტუმროები.
No comments:
Post a Comment