აწყურის ციხე
სოფელი აწყური ახალციხის რაიონში ბორჯომიდან 30 კილომეტრზე მდებარეობს.
აწყურის დიდი ციხე უზარმაზარ კლდეზეა აღმართული.იგი საქართველოს ერთ–ერთი უძველესი ქალაქი იყო. მას ძველად აწყვერს უწოდებდნენ. მატიანეებში მისი სახელი ხშირად იხსენიება. აწყური ხშირად გამხდარა უცხოელთა წინააღმდეგ ქართველთა გმირული ბრძოლის ასპარეზი. აწყურის ციხეს, რომელიც სამხრეთიდან მომავალ ერთ–ერთ უმთავრეს გზას დარაჯობდა, მრავალი თავდასხმისთვის გაუძლია.
XIII საუკუნის მიწურულში, ძლიერი მიწისძვრის დროს აწყურის ეკლესია დაინგრა, მაგრამ მალე აღადგინეს, რადგანაც იგი მესხეთის მთავარი სალოცავი იყო. მას შემდეგ, რაც სამცხის მთავრები საქართველოს მეფეს გადაუდგნენ, ტაძარს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა.
საქართველოს ისტორიისა და ქართულ სიძველეთა ცნობილი მკვლევარი, აკადემიკოსი მარი ბროსე, რომელმაც XIX საუკუნის შუა წლებში ნახა ეს ძეგლი, წერს: „ერთმა მოხუცმა ქალმა მითხრა, ტაძარი ჯერ კიდევ დაუნგრეველი მახსოვსო“. როგორც ჩანს, ძეგლი თურქთა ბატონობის ბოლო წლებში განადგურდა. XIX საუკუნის მანძილზე მას პატრონი და მზრუნველი არავინ ჰყავდა. მაჰმადიანი მოსახლეობა მის ქვებს თავისი სახლებისათვის იყენებდა.
1486 წელს მესხეთში ირანის შაჰი იაყუბ ყაენი შეიჭრა. ახალქალაქისა და ახალციხის აღების შემდეგ იგი აწყურს მიადგა და ალყა შემოარტყა, ტყვედ წაასხა ბევრი მათგანი და აწყურის ღვთისმშობლის ხატიც თან წაიღო.
აწყურის დანებება ათაბაგმა ღალატად მიიჩნია. მაწყვერელი გააძევეს და მის ნაცვლად სხვა დასვეს. მაგრამ განსაკუთრებით შეაწუხა ათაბაგი აწყურის სახელგანთქმული და სასწაულმოქმედი ხატის დატყვევებამ. მან „წარავლინა ვერცხლი დიდძალი“ დაიხსნა ხატი და კვლავ აწყურის ტაძარში დაასვენა იგი.
აწყურის ციხისაგან დღეს მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი. იგი რთული და საინტერესო ნაგებობა იყო. ციხე ისეთ კლდეებზეა ნაშენი, რომ გვირაბში შეჭრის შემდეგაც მტერი მას ადვილად ვერ დაიმორჩილებდა. მთავარი სირთულე სწორედ შიგა ნაგებობათა აღება გახლდათ. ზოგან კედელი ისეთ ციცაბო ფერდზეა დაბჯენილი, რომ ძნელი გასაგებიც კია, როგორ მოახერხეს ძველმა ოსტატებმა ასეთი ამოცანის ტექნიკურად გადაწყვეტა.
ახლანდელი ციხე, რა თქმა უნდა, აღარ წარმოადგენს ერთგვაროვან, მთლიან ნაგებობას. თუმცა, ამჟამად, აწყურის ციხეცა და ტაძარიც აღრიცხულია, როგორც ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ძეგლი.
ვარძია
ვარძიის კომპლექსი მდებარეობს სამცხე–ჯავახეთის მხარეში,მესხეთში, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე.
დადგენილია, რომ ხეობა მტკვრის ორივე მხარეს მჭიდროდ იყო დასახლებული უკვე ენეოლითის ხანაში, არქეოლოგიური სამუშაოების დროს ტერასებზე და ბორცვებზე მიკვლეულია პირველყოფილი თემური საზოგადოების ენეოლით – ბრინჯაოს და გვიან – ბრინჯაოს ეპოქათა ძეგლები, მათ შორის ყორღანული სამარხები. “ქართლის ცხოვრებაში” პირდაპირი ცნობებია, რომ მონასტრის შენება მეფე გიორგი III დროს დაწყებულა და შემდგომ თამარის მეფობის დროს დასრულდა.
თამარ მეფის დროინდელი მემატიანე ვრცლად და მხატვრულად მოგვითხრობს ვარძიის დაარსებას. მშენებლობის პირველი ეტაპია გიორგი III მეფობის წლები, ჩანაფიქრი და მშენებლობის გეგმის შემუშავება მის სახელთანაა დაკავშირებული. იმავე დროსაა გამოკვეთილი პირველი საცხოვრებელი სახლები წყაროს მახლობლად.
მშენებლობის მეორე ეტაპი თავსდება გიორგი III სიკვდილისა და თამარ მეფის ქორწინებას შორის. თამარ მეფის მითითებით თავდაპირველი გეგმა ნაწილობრივ შეიცვალა. წყაროსთან, უკვე იქ არსებულ გამოქვაბულთა ადგილზე, შეიქმნა მონასტრის ცენტრი – კლდეში გამოკვეთილი ღვთისმშობლის მიძინების დიდი დარბაზული ტაძარი.
მშენებლობის მესამე ეტაპი მოიცავს წლებს ტაძრის მოხატვას და ბასიანის ბრძოლას შორის.
მემატიანეს ცნობით ვარძიის სახელს და ვარძიის ღვთისმშობელს უკავშირდება ყველა ძლევამოსილი ომები, რომელთაც იმ ეპოქაში აწარმოებდა საქართველო მაჰმადიანთა ექსპანსიის წინააღმდეგ. ამგვარად, XII – XIII საუკუნეთა მიჯნაზე, ვარძია მნიშვნელოვანი პოლიტიკური, კულტურული და რელიგიური ცენტრია.
1283 წელს მომხდარმა მიწისძვრამ დიდი ზიანი მიაყენა ვარძიას. ამ სტიქიური უბედურების შემდეგ მონასტრის ნაწილობრივ აღდგენას უკავშირდება მშენებლობის მეოთხე ეტაპი, ათაბაგ ბექა ჯაყელ-ციხისჯვარელის დროს.
ამ წლებში, მიუხედავად მონღოლთა ბატონობისა, ვარძიის მონასტერი წინანდებურად მდიდარია და კვლავ ახდენს დიდ გავლენას ქვეყნის ცხოვრებაზე.
XV – XVI საუკუნეები ქვეყნის შინაგანი რღვევისა და ირან-თურქეთის მხრივ საქართველოს დაპყრობის უკიდურესად აგრესიული მისწრაფების ხანაა. ვარძიას თვით უხდება თავდაცვითი ბრძოლების წარმოება. იგი საიმედო დასაყრდენია საქართველოს მეფეებისათვის.
მესხეთი 1578 წელს თურქეთის ბატონობაში მოექცა. თურქეთის წყობილების შემოღების შემდეგ ეკლესია და სამღვდელოება იდევნება, მონასტრები ცარიელდება, მონაზვნები თავშესაფარს იმერეთსა და ქართლში ეძებენ.ვარძიის გაუკაცრიელებული გამოქვაბულები ინგრევა. დიდებულმა სავანემ არსებობა შეწყვიტა.
No comments:
Post a Comment