სვეტიცხოველი
სვეტიცხოველი გეგმაში წარმოადგენს ჯვარს მოკლე განივი მკლავებით და გრძივი ჭრილებით. გუმბათი ოთხ მძლავრ ბოძს ეყრდნობა. გუმბათის ყელში 16 სარკმელია. ძველი ფრესკების უმეტესობა აღარაა შემორჩენილი. მოღწეული ჩუქურთმები მდიდარი და მრავალფეროვანია.
ტაძრის შიგნით, გუმბათის მახლობლად სვეტებზე დაყრდნობილი კოშკისებური ნაგებობა - ეს არის საკუთრივ "სვეტიცხოველი". აქ ინახებოდა სასწაულმოქმედი სვეტის ნაწილი, რომლის ქვეშაც მარხია კვართი უფლისა. სამხრეთ მხარეს, შესასვლელიდან მაჯვნივ ქვის პატარა სამლოცველო იერუსალიმის ტაძრის გამოსახულებაა.
გალავანი 1787 წელს აუგიათ ერეკლე II - ის ბრძანებით. დასავლეთით მოთავსებულია სამრეკლო და XI ს-ის კარიბჭე - არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუში.
საუკუნეების განმავლობაში ტაძარი იყო მეფეთა საძვალეც. აქ არიან დასაფლავებული: ვახტანგ გორგასალი, ერეკლე II, საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი XII და სხვა დიდებულები.
იგი იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ მასში განისვენებს კვართი უფლისა იესო ქრისტესი. იგი არის ერთიანი საქართველოს სიმბოლო.გადმოცემის თანახმად, მცხეთის მკვიდრი ებრაელი ელიაზარი დასწრებია იესო ქრისტეს ჯვარცმას. ჯვრიდან მისი ჩამოხსნის შემდეგ მას რომაელი ჯარისკაცებისგან შეუძენია კვართი უფლისა და საქართველოში ჩამოუტანია. მცხეთაში ჩამოსულ ელიაზარს მისი და - სიდონია შეგებებია, რომელსაც ტირილით ჩამოურთმევია ქრისტეს კვართი, გულში ჩაუკრავს და მსწრაფლ სული განუტევებია. ვერავინ შესძლო იგი მიცვალებულისათვის ხელიდან გამოეგლიჯა და სიდონია ძვირფას კვართიანად დაუკრძალავთ. მის საფლავზე უზარმაზარი ლიბანის ნაძვის ხე ამოსულა, რომლის ქვეშ ზამთარ - ზაფხულ ყვავილნი ყვაოდნენ.
337 წელს ქრისტიანობა საქართველოში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, პირველ ქრისტიან მეფეს მირიანს ნინო განმანათებლის რჩევით, განუძრახავს ტაძრის აგება იქ, სადაც დაკძალული იყო კვართი უფლისა. მოუჭრიათ საფლავზე ამოსული ხე და მისგან შვიდი სვეტი გამოუთლიათ.
ექვსი სვეტი აღუმართავთ, მეშვიდე კი - ყველაზე დიდი და გაბრწყინებული მიწას არ მიჰკარებია, ჰაერში ჩამოკიდულა, ანათებდა, გამოსცემდა სურნელს, ხოლო ძირიდან წარმოსდინდებოდა მირონი, რომელიც ყველა სენს კურნავდა. სწორედ ეს იყო "სუეტი ცხოველი" - სიცოცხლის მომნიჭებელი სვეტი, რომელის სახელიც ეწოდა ტაძარს.
შემდეგში ამ პირველი, ხის ეკლესიის ადგილას V ს-ის ბოლოს ვახტანგ გორგასალმა ააშენა ბაზილიკური ტიპის ქვის დიდი ეკლესია, 1010 - 1029 წლებში კი კათალიკოს მელქისედეკის თაოსნობით ხუროთმოძღვარმა არსუკიძემ ააგო ახლანდელი დიდი სვეტიცხოველი.
ლეგენდის მიხედვით, რადგან სვეტიცხოველის მშენებელს მასწავლებლისათვის უჯობნია და თანაც მეფე გიორგის რჩეული ქალი შეყვარებია, მისთვის ხელი მოუკვეთიათ. ტაძრის ჩრდილოეთ ფასადზე, ზემოთ, გამოსახულია ხელი, რომელსაც გონიო უპყრია. გვერდით წარწერაა: "ხელი მონისა არსუკისძისაი, შეუნდვეთ".
შიომღვიმის მამათა მონასტერი
შიომღვიმის მონასტერი მდებარეობს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სარკინეს ქედის სამხრეთ კალთაზე. მონასტერი დაარსებულია VI საუკუნის შუახანებში, სირიიდან მოსული ბერის შიოს მიერ, რომელმაც სიცოცხლის ბოლო ორი წელი მონასტრის შუა ნაწილში მდებარე ბნელ მღვიმეში გაატარა და იქვე დაიკრძალა.
სამონასტრო კომპლექსის უძველესი ნაგებობაა ჯერ კიდევ წმიდა შიოს სიცოცხლეში, 560-70-იან წლებში აშენებული წმიდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, რომლის ქვედა ნაწილი საგანგებოდ გაკაფულ კლდეში არის ამოყვანილი. ეკლესია „თავისუფალი ჯვრის“ ტიპისაა. ნაგებია ნატეხი ქვით.
ნათლისმცემლის ეკლესიის ჩრდილოეთით ღმრთისმშობლის მიძინების დიდი ტაძარია. ის 1103-23 წლებში ააშენა მეფე დავით აღმაშენებელმა, რომელიც განსაკუთრებით ზრუნავდა შიომღვიმის მონასტერზე და დიდძალი ქონებაც შესწირა მას. ტაძარი მთლიანად აგურით არის ნაშენი.
ნათლისმცემლის ეკლესიის სამხრეთით, დგას მონასტრის სატრაპეზო, რომლის ძველი ნაწილი XII საუკუნეს განეკუთვნება. 1730-იან წლებში სატრაპეზოს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები.
მონასტრის ჩრდილოეთით სარკინეს (ახალტბის) ქედის შვეულ კალთებზე ასზე მეტი გამოქვაბულია, რომლებსაც ბერები ადრეული შუა საუკუნეებიდან საცხოვრებლად იყენებდნენ.
მონასტრის შემოსასვლელი კარიბჭის მარჯვნივ არის წყარო („ცრემლის წყარო“), რომელიც იხსენიება წმიდა შიოს ცხოვრებაში. წყაროდან 300-იოდე მეტრის დაშორებით, კონცხზე დგას პატარა სამლოცველო, რომელიც დაშენებულია წმიდა შიოს პირველი საცხოვრებელი გამოქვაბულის ნაშთზე. შენობა თითქმის მთლიანად ხელახლა არის აგებული XIX საუკუნეში. მონასტრიდან ერთი კილომეტრის დაშორებით სამხრეთ-აღმოსავლეთით, მთის წვერზე დგას XII საუკუნეში აშენებული ჯვრის ამაღლების ეკლესია. შენობა აგურისაა, დარბაზული ტიპის. XVII საუკუნეში ეკლესიაზე მიშენდა ორსართულიანი სამრეკლო, რომლის პირველი სართული კარიბჭის ფუნქციებს ასრულებს.
ეკლესია რამდენჯერმე მოიხატა. დღეისათვის არსებული მხატვრობა XII საუკუნის ხანას განეკუთვნება. იგი უძველესია შიომღვიმის მონასტერში შემორჩენილ მოხატულობათა შორის.
No comments:
Post a Comment