ჯიხეთის დედათა მონასტერი
ჯიხეთის დედათა მონასტერი სოფ. ჯიხეთში მდებარეობს. მონასტერი დაარსებულია XIX ს-ის მიწურულს. ჯიხეთის მთაზე მეტად მიუდგომელ ალაგს ყოფილა ნაგები მენელსაცხებლე დედათა სახელობის მონასტერი. თურმე, დედებს მეტად აწვალებდათ უწყლობა, ამიტომ გადაუწყვეტიათ ტაძრისათვის ახალი ადგილი შეერჩიათ. ეს არჩევანი, წარღვნის მსგავსად, სამი მტრედისათვის მიუნდვიათ. იქვე ახლოს მთის ძირში დაფრინდნენ მტრედები. სამებად იწოდებოდა ის ადგილი. ამიტომაც ყოფილა ერთიანი აზრი - ახალი ტაძრისთვის სამება-ჯიხეთის მონასტერი ეწოდებინათ. ლოცვა-ვედრებით დაუშლიათ ეკლესია, გადმოუტანიათ ქვები, ყველა სიწმიდე. მოკრძალებით და რუდუნებით უშენებიათ ახალი მონასტერი და უბედნიერესი ხანაც დაუდგათ და შედგა პირველი საზეიმო წირვა. თავდაპირველად 113 ქალი მოღვაწეობდა მონასტერში.დედათა უმრავლესობა, ღმრთის სადიდებელი ცოცვა-ვედრებით მონასტერშივე აღესრულა და მათგან რამდენიმე ტაძრის ეზოშივეა დაკრძალული.
მონასტერში სკოლაც გაუხსნიათ. აქ წერა-კითხვასაც ასწავლიდნენ და საოჯახო საქმესაც, ხელგარჯილობასაც.
მძიმე ჟამი ბევრჯერ დადგომიათ დედებს, მაგრამ უმძიმესი მაინც რევოლუციის შემდგომი პერიოდი იყო. იშვიათად იღებოდა ტაძრის კარები. ლოცვა-ვედრებას ღამით აღავლენდნენ, დღისით კი ტაძრის კარებს შეშით და ფიცრებით ხერგავდნენ. მიუხედავად ამისა სამება-ჯიხეთის მონასტერს მოქმედება არასდროს შეუწყვეტია.
მონასტრის აღმშენებლობით სამუშაოებში წვლილი მიუძღვის ადგილობრივ მოსახლეობას, ლანჩხუთის მრევლს.სამომავლოდ დაგეგმილია სასტუმრო-რეზიდენციის მშენებლობა, კელიების დამატება და კეთილმოწყობა.
ყოველ 4 დეკემბერს - ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს მონასტერში იმართება დიდი დღესასწაული - ჯიხეთობა.
ჯუმათის მამათა მონასტერი
ჯუმათის მონასტერი ოზურგეთის რაიონში მდებარეობს. მონასტერი მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელზეა აგებული, დაარსების თარიღი უცნობია.
მონასტერს გარს ქვის გალავანი არტყია. ეზოში შესასვლელი სამრეკლოდანაა. თავად სამრეკლოს ზედა ნაწილი დანგრეულია. იგი ექვსსარკმელდატანებული, გუმბათიანი, ქვით ნაშენი ნაგებობა ყოფილა. ტაძარი ბაზილიკური ტიპისაა. თავად ტაძრის აგების თარიღი უცნობია. დ.ბაქრაძე მას შემოქმედის მონასტერზე ადრინდელად მიიჩნევს. ფრესკები XVI-XVIII ს.ს. თარიღდება.
ჯუმათის მონასტერი ცნობილია სიძველეებით: აქ იყო მრავალი ძვირფასი ხატი, ისტორიული პირებისა და თარიღების შემცველი ისტორიული წარწერები.
ჯუმათის მონასტერი საეკლესიო და საგანმანათლებლო ცხოვრების მნიშვნელოვან კერას წარმოადგენდა. მონასტრის მამასახლისს ნიკოლოზს (XV-XVI სს.) უმოგზაურია კლარჯეთში და იქიდან ხუთი ძველი ხელნაწერი გადმოუტანია: სახარება (დღეს ადიშის სახარების სახელით ცნობილი), მრავალთავი, ხელთ-კანონი, მამათა წიგნი და კითხვა-მიგება. ამათგან სახარება, ხელთ-კანონი და მამათა წიგნი შატბერდის მონასტრიდან წამოუღია.
კომუნისტური რეჟიმის დროს ჯუმათის მონასტერში მხოლოდ ერთი ბერი - მღვდელმონაზონი იოანე (გოგუა) ცხოვრობდა. მამა იოანე ათეისტებისგან მრავალ შეურაცხყოფას იტანდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი დადიოდა და ჩუმად ნათლავდა ხალხს. მას მორწმუნე ვერიჩკა ჩხარტიშვილი უვლიდა, რომელსაც თავის დროზე მამა იოანემ ავადმყოფი შვილი მოუნათლა და ამით ბავშვი სიკვდილს გადაარჩინა. დევნილი ბერი 1959 წელს გარდაიცვალა.
ამის შემდეგ მონასტრის ტერიტორიაზე რამდენიმე წელი სამხედრო ნაწილი იყო განთავსებული. ქვემეხიდან გასროლით სამხედროებმა დაანგრიეს მონასტრის სამრეკლო, რომელიც განთქმული იყო თავისი ჟღერადობით. გადმოცემის თანახმად, მისი ზარების ხმა ზუგდიდში, ოზურგეთსა და ქუთაისშიც კი ისმოდა. მომდევნო წლებში აქ პიონერთა ბანაკი დამკვიდრდა. იგი XX ს-ის 80-იან წლებში გაუქმდა მას შემდეგ, რაც უეცრად ამოვარდნილმა ქარმა მთის წვერზე მდგომ მთავარანგელოზთა ტაძარს სახურავი მოხადა და ბანაკზე გადმოიტანა.
2000 წლიდან მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარეობს სამსართულიანი კომპლექსის მშენებლობა, რომლის პირველ სართულზე სატრაპეზო მოეწყობა, მეორეზე - ბერების სენაკები, ხოლო მესამე სართული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისათვის განკუთვნილ რეზიდენციას დაეთმობა.
No comments:
Post a Comment